English / ქართული / русский /
თამარ ლაზარიაშვილი
ღვინის ბაზრის განვითარების შესაძლებლობები საქართველოში

ანოტაცია

სტატიაში განხილულია ღვინის ბაზრის განვითარების პერსპექტივები გაანალიზებულია საქართველოში ღვინის წარმოების შესაძლებლობები, შესწავლილია ამ სექტორში კონკურენტული უპირატესობები, შეფასებულია სახელმწიფოს როლი ამ დარგის განვითარებაში.

ნაშრომში გამოვლენილია ღვინის მოთხოვნაზე მოქმედი ფაქტორები, გაკეთებულია დასკვნა, რომ ღვინო საქართველოსთვის ტრადიციისა და ისტორიული იდენტობისნაწილია, ღვინის წარმოებისა და ექსპორტის მასშტაბზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საქართველოს რეგიონების ეკონომიკური განვითარება და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.

სტატიაში შემოთავაზებულია დასკვნები და რეკომენდაციები ქართული ღვინის ტრადიციული და პერსპექტიული ბაზრების განვითარების შესაძლებლობების შესახებ.

საკვანძო სიტყვები: კონკურენცია, ღვინის ბაზარი, ღვინის ექსპორტი, ღვინის იმპორტი, კონკურენტული უპირატესობა.

პრობლემის აქტუალურობა

საქართველოსთვის  მეღვინეობა ყოველთვის წარმოადგენდა უპირველეს საქმიანობას აგროსასურსათო სფეროში. განვითარებული  მევენახეობა-მეღვინეობის ქვეყნებს შორის საქართველო  მნიშვნელოვანი  კონკურენტული უპირატესობებით გამოირჩევა. ამას ძირითადად შემდეგი გარემოებები განაპირობებს: მევენახეობა-მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები  და დაგროვილი უნიკალური გამოცდილება, ვაზის კულტურის გაშენებისა და ღვინის წარმოების მდიდარი  ჩვევები,   ორიგინალური  ჯიშობრივი შემადგენლობა,  საქართველოს  ბუნებრივ-კლიმატური პირობების  მრავალფეროვნება, რაც, თავის მხრივ,  განპირობებულია  გეოგრაფიული  მდებარეობით და რელიეფის  ხასიათით. სწორედ ამ ფაქტორების ოპტიმალური შეხამებით ყალიბდებოდა ქართული  მეღვინეობის  განსაკუთრებული  ნიშან-თვისებები,  რომლებმაც ღირსეული ადგილი და როლი  დაუმკვიდრა   ქვეყანას  მსოფლიო  მეღვინეობაში.  იმისათვის, რომ ქართულმა ღვინომ მოახერხოს და კონკურენცია გაუწიოს ისეთ ქვეყნებს, რომლებიც უკვე წლებია ღვინის ბაზრის ლიდერები არიან, აუცილებელია მეტი ქართული ბრენდის შექმნა,   მათ შორის საოჯახო წარმოების ღვინის გატანა  საზღვარგარეთ. აუცილებელია მათი პოპულარიზაცია და ხაზგასმა იმ უპირატესობების, რაც გამოარჩევს ქართულ ღვინოს სხვა ღვინისაგან.  ასევე მნიშვნელოვანია ცნობიერების გაზრდა მეღვინეებს შორის, რათა ისინი მხოლოდ ლოკალურ ბაზრებზე არ დარჩნენ.

მეცნიერების მიერგამოკვლეულია ღვინის წარმოების შესაძლებლობები გლობალიზაციის პროცესების შესაბამისად  და ახსნილია ღვინის  მოთხოვნაზე მოქმედი ფაქტორები.  ამ მხრივ გაანალიზებულია   ღვინის  უმსხვილესი ბაზრები [1].  კვლევით დადასტურებულია, რომ ღვინის წარმოება ზრდადია იმ ქვეყნებში, სადაც ამ პროდუქტის წარმოების  ტრადიციები არსებობს. ღვინოზე მოთხოვნას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა სამომხმარებლო ბაზარი, ღვინის ტურიზმზე მოთხოვნის ზრდა, გაყიდვების არხები და სხვა [2].  ღვინის ბაზარი მუდმივად არის დამოკიდებული მომხმარებლის გემოვნებისა და უპირატესობების ცვლილებებზე. ამ თავისებურების გათვალისწინებით აუცილებელია გამოვლინდეს ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალი და    შემუშავდეს ექსპორტზე ორიენტირებული სტრატეგიები.  აღნიშნულთან ერთად  განსაკუთრებით აქტუალურია ღვინის გლობალურ  ბაზარზე  მიმდინარე ტენდენციების ახლებურად შეფასებაც [3].

კვლევისათვის გამოყენებულია როგორც ზოგადი, ასევე კონკრეტული კვლევის მეთოდები, კერძოდ ინდუქციის, დედუქციის, ანალიზის, სტატისტიკური დაჯგუფების და სხვა მეთოდები.

საქართველოში   ვენახების ფართობი დაახლოებით 45 ათას ჰექტარს შეადგენს, რაც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე  30 წლის წინ იყო (თითქმის 120 ათასი ჰა) და დაახლოებით უტოლდება XX საუკუნის 30-იანი წლების მაჩვენებელს [4]. მსოფლიო ვენახების ფართობის 0,8% საქართველოზე მოდის. ღვინისადმი  განსაკუთრებული ინტერესი რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული: პირველ რიგში, ღვინო საქართველოსთვის ტრადიციისა და ისტორიული იდენტობის ნაწილია; გარდა ამისა, ღვინის წარმოებისა და ექსპორტის მასშტაბზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საქართველოს რეგიონების, განსაკუთრებით კახეთის რეგიონის, ეკონომიკური განვითარება და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. საქართველოში დაახლოებით 150-200 ათასი ტონა ყურძენი იწარმოება. ყურძენი საქართველოში ძირითადად ღვინის საწარმოებლად გამოიყენება. აქედან დაახლოებით 30-40 ათასი ტონა გადამუშავდება ღვინის კომპანიებში, 15 ათასი ტონა მოიხმარება სუფრის ყურძნად, დარჩენილი 100 ათას ტონაზე მეტი. გადამუშავდება არარეგისტრირებული კერძო პირების მიერ „საოჯახო ღვინოების“ დასამზადებლად.

საქართველოში წარმოებული ღვინოები საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისაგან მევენახეობის რაიონისა და გამოყენებული ჯიშების მიხედვით. გასათვალისწინებელია ღვინის დაყენების სხვადასხვა მეთოდიც. ქართული ღვინოებიდან გამოირჩევა წინანდალი, მუკუზანი, საფერავი, ქინძმარაული, ხვანჭკარა, ასევე, კახური ტრადიციული და  მასიურად გავრცელებული, ე.წ. ოჯახის ღვინო და ალაზნის ველი.

მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებისათვის ხელსაყრელი ბუნებრივ-რესურსული პოტენციალი, ყურძნის ენდემური ჯიშების  მრავალფეროვნება, ნედლეულის  მაღალი ხარისხი, ღვინის წარმოების  ისტორია და ტრადიციები, ქართული ღვინის ცნობადობა,  კონკურენტული  ფასები განაპირობებს  ქართულ ღვინოზე მოთხოვნის ზრდის სტიმულირებას და  ზრდადი  მოთხოვნის შესაბამისი მიწოდების უზრუნველყოფას.

საქართველოში მეღვინეობის სექტორი თანდათან ვითარდება და იზრდება როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზარზეც. ბოლო წლებში ქვეყნის შიგნით ბოთლის ღვინის გაყიდვები ზრდადია,  საერთაშორისო ბაზარზე  გამოჩნდა ახალი ქვეყნები, სადაც არსებობს ექსპორტის ზრდის კარგი შესაძლებლობები. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოდან მსოფლიოს 32 ქვეყანაში ექსპორტირებულია 8.77 მილიონი ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 94%-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. თანხობრივად ღვინის ექსპორტის შემოსავალმა $20.5 მილიონი შეადგინა, მოცულობების მიხედვით, ექსპორტის ყველაზე დიდი - 280%-იანი მატება ჩინეთის ბაზარზეა, სადაც უკვე ექსპორტირებულია 832 ათასი ბოთლი. 2017 წლის მონაცემებით, ექსპორტის 2/3 რუსეთზე მოდის [5].

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული შემდეგია: რუსეთი - 10 198 085 ბოთლი; უკრაინა -2 286 977 ბოთლი; ჩინეთი - 1 884 665 ბოთლი; ყაზახეთი - 1 764 286 ბოთლი; პოლონეთი -1 070 454 ბოთლი. ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია „ქინძმარაული“ – 2 626 364 ბოთლი, „მუკუზანი“ – 1 006 732 ბოთლი, „წინანდალი“ – 830 149 ბოთლი, „ახაშენი“ – 426 899 ბოთლი, „ხვანჭკარა“ – 132 033 ბოთლი და ა.შ.

 

                 დიაგრამა .  2016 წლის ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული

2016 წლის შესაბამის პერიოდში კი ეს მაჩვენებელი $20 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. რაც შეეხება 2016 წლის სრულ მონაცემებს, ამ პერიოდში ღვინის ექსპორტმა $113 მილიონი შეადგინა, რაც 2015 წლის მონაცემებს 18%-ით აღემატება. ბრენდის ექსპორტმა კი $91 მილიონი შეადგინა, რაც 2015 წლის მაჩვენებელს 41%-ით აღემატება. 2016 წელს, გაყიდვების აბსოლუტური ლიდერი ,,ქინძმარაული" იყო. ხუთეულში ასევე შედის: „მუკუზანი“ (2 568 547 ბოთლი) და „ახაშენი“ (923 780) გურჯაანიის რაიონის მიკროზონიდან, „წინანდალი“ (2 023 915) თელავის რაიონის მიკროზონიდან და ალექსანდროულისა და მუჯურეთულის კუპაჟი, რაჭული „ხვანჭკარა“ (413 823), ამბროლაურის რაიონის მიკროზონიდან. ტრადიციული ბაზრების გარდა, ღვინის ექსპორტის ზრდა შეინიშნება შედარებით ახალ ბაზრებზე, რომლებსაც ღვინის ეროვნული სააგენტო სტრატეგიულ მიმართულებად მიიჩნევს.  აღსანიშნავია ქართული ღვინის ექსპორტის 89%-იანი ზრდა ჩინეთში, 46%-იანი _ პოლონეთში, 28%-იანი _ დიდ ბრიტანეთში და 19%-იანი _ ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც 2016 წელს 294 ათასი ბოთლი ქართული ღვინო გაიყიდა. ქართული ღვინის სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრებად რჩება ბალტიისპირეთის ქვეყნები, ბოლო ორი წლის მონაცემებით, ლატვიაში საგრძნობლად გაიზარდა მოთხოვნა ქართულ ღვინოზე და შედეგად, ქვეყანა პირველ ადგილზეა ბალტიისპირეთში ქართული ღვინისა და სპირტიანი სასმელების (ჭაჭა,ბრენდი) იმპორტის მოცულობით. უწყების ინფორმაციით, ლატვია და ესტონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების ათეულში შედიან. 2016 წელს  ლატვიაში (მე-6 ადგილი) საქართველოდან ექსპორტირებულია 980 ათასამდე ბოთლი ღვინო, რაც 6%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, ხოლო ესტონეთში (მე-8 ადგილი) 516 ათასამდე ბოთლი, რაც 33%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიური პერიოდის ექსპორტზე. Mმთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 40,1 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც თითქმის გაორმაგებული მაჩვენებელია 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, როდესაც აღნიშნულმა შემოსავლებმა 20 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. 2017 წელს, მიზნობრივ სამოქმედო ბაზრებს დაემატა იაპონიის ბაზარი, სადაც ქართული ღვინის გაყიდვებმა 2016 წელს 16%-ით მოიმატა და თითქმის 160 000 ბოთლი შეადგინა. იაპონიაში უკვე საკმაო პოპულარობით სარგებლობს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ეკოლოგიურად სუფთა ყურძნისგან დაყენებული ბიოღვინოები: მათ შორის, გურული „ჩხავერი“, ქართლის „ჩინური“, კახური „ართანული“ და მესხური „მწვანე“. მაგრამ ის, რაც ქართული ღვინის ნამდვილი სახეა –ტრადიციული ტექნოლოგიით დაყენებული ქვევრის ღვინო, უცხოურ ბაზარზე დიდი ცნობადობით არ გამოირჩევა. ეს ბუნებრივიცაა - ის კომპანიები და ოჯახური მეურნეობები, რომლებიც ასეთ პროდუქტს ამზადებენ, ცოტაა, არ აქვთ გათვლა მასიურ ექსპორტზე და ამიტომაც, არც შესაბამისი  სახსრები გააჩნიათ ევროპის ან რომელიმე სხვა დიდ ბაზარზე მასშტაბური სარეკლამო კამპანისათვის.

ქართულ ღვინოს საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრება მკაცრ კონკურენტულ გარემოში უწევს. მსოფლიოში ყურძნისა და ღვინის მიწოდება აჭარბებს მასზე მოთხოვნას. ამიტომ საქართველო ყურძნის დაბალი ფასების მიხედვით უნიკალურ შემთხვევად ვერ განიხილება. ბაზრის დივერსიფიკაციის სტრატეგია მაღალი ხარისხის ყურძნის მიწოდებაზე უნდა იყოს ორიენტირებული [6]. მაღალი ხარისხის ღვინის წარმოება გაცილებით მარტივია მსხვილი მეურნეობების  შემთხვევაში, როდესაც დიდია  მწარმოებლის საბაზრო ძალაუფლება, დამოუკიდებლად, საკუთარი სახსრებით ხდება  ღვინის წარმოება, უცხოური  ბაზრის მოძიება და ღვინის ექსპორტი. ქართული ღვინის ბაზრების გაფართოება მოითხოვს ღვინოების პოპულარიზაციას, ამისათვის კი აუცილებელია:

  • ადგილობრივი და საერთაშორისო მომხმარებლის ინფორმირება საქართველოს შესახებ, როგორც ვაზისა და ღვინის კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების უწყვეტი გამოცდილების მემკვიდრე;
  • ადგილობრივ ბაზარზე ღვინის კულტურის ამაღლების ხელშეწყობა;
  • ქვევრის ღვინის დამზადების უნიკალური წესისა და ტრადიციების წინ წამოწევა როგორც გამოფენა-ღონისძიებების, ასევე სხვა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით;
  • ვენახების ფართობების აღრიცხვა, რეგისტრაცია, პასპორტიზაცია, სპეციფიკური ზონების საზღვრების დაზუსტება;
  • სპეციალიზებული სადედე ნარგაობებისა და სანერგეების შერჩევა/მოწყობის ხელშეწყობა;
  • გასამრავლებელი, უნიკალური და იშვიათი ჯიშების ასორტიმენტის შედგენა რეგიონების მიხედვით.

მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი მევენახეების ინფორმირებულობის დონის ამაღლებაში ისეთი საკითხების შესახებ, როგორებიცაა: უცხოურ ბაზრებზე არსებული მოთხოვნა ქართული ღვინის სხვადასხვა სახეობებზე; საზღვარგარეთ მზარდი მოთხოვნა ბიოღვინოზე და მისი დამზადების ტექნოლოგიები; ღვინის ან ღვინომასალის ექსპორტის განხორციელება დამოუკიდებლად; შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა უფრო აქტიურად უნდა ითანამშრომლონ სამეცნიერო წრეებთან და ხელი შეუწყონ კვლევებისა და განვითარების ერთობლივი პროექტების განხორციელებას [7]. 

მიზანშეწონილია, შეიქმნას საერთაშორისო ბაზარზე ღვინისა და კონკურენტუნარიანი ღვინომასალის გასატანად უცხოური ჯიშების, მაგალითად შარდონე, კაბერნე სავინიონი, პინო შავი და სხვა კონკურეტული წარმოებისა და გადამუშავების ხელსაყრელი პირობები. ღვინის ბაზრის განვითარებისათვის აუცილებელ ღონისძიებებს წარმოადგენს საკრედიტო ხაზის ამოქმედება, ადგილობრივი წარმოების მატერიალური რესურსების მაქსიმალურად გამოყენება, სამეურნეო გარიგებების სამართლებრივი მოწესრიგება ყურძნის შესყიდვაა და პროდუქციის რეალიზაციაზე, გარემო პირობების შექმნა ინვესტიციების მოზიდვაზე, მარკეტინგული სამსახურის პრიორიტეტულად განვითარება და სხვა [8].

დამატებითი ღონისძიებებია გასატარებელი ღვინის ბაზრის დივერსიფიკაციის მდგრადობის შენარჩუნება/გაფართოებისათვის სტრატეგიულ ბაზრებზე (მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩინეთში, დიდ ბრიტანეთში, პოლონეთში); შესამუშავებელია ღვინის ბაზრის დივერსიფიკაციის სტრატეგია ახალ ბაზრებზე (ბალტიისპირეთის ქვეყნები, იაპონია), საერთაშორისო ბაზრებზე წარმატებით გასავლელად აუცილებელია ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს უზრუნველყოფა,  ხარისხის კონტროლისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ქართული ღვინის სახელის დაცვა საერთაშორისო ბაზარზე, რომელიც ინვესტიციების მოზიდვისკენ იქნება მიმართული, ბიზნესის მონიტორინგი, არსებული ტექნოლოგიებისა და ვენახების იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, მევენახეობის დაგეგმვა ქვეყნის მასშტაბით, რუკების შექმნა.

ღვინის ბაზრის ანალიზის საფუძველზე შემდეგი დასკვნები და რეკომენდაციები გამოვლინდა:

  • ღვინის წარმოება ზრდადია იმ ქვეყნებში, სადაც ამ პროდუქტის წარმოების  ტრადიციები არსებობს. საქართველოშიც ღვინის წარმოების დინამიკა ზრდადია. ღვინოზე მოთხოვნას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა სამომხმარებლო ბაზარი, ღვინის ტურიზმზე მოთხოვნის ზრდა, გაყიდვების არხები და სხვა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით უნდა აიგოს ქართული ღვინის ბაზრის განვითარების სტრატეგიები.
  • ქართული ღვინის ბაზარზე დიდი წილი უჭირავს საშუალო და მცირე ზომის ღვინის კომპანიებს. მაღალი ხარისხის ღვინის წარმოება გაცილებით მარტივია მსხვილი კომპანიების  შემთხვევაში, როდესაც დიდია  მწარმოებლის საბაზრო ძალაუფლება. ასეთ შემთხევაში ადვილია უცხოური  ბაზრის მოძიება და ღვინის ექსპორტიც. ღვინის კომპანიების ოპტიმალური მასშტაბების დადგენა მევენახეობა-მეღვინეობის სექტორის დივერსიფიკაციას შეუწყობს ხელს.
  • ქართული ღვინის ბაზრებზე კომპანიების წილის გაფართოება მოითხოვს ღვინოების პოპულარიზაციას, ამისათვის კი აუცილებელია ადგილობრივი და საერთაშორისო მომხმარებლის ინფორმირება ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების უწყვეტი გამოცდილების, ასევე ამ პროდუქტების კონკურენტულობის შესახებ;
  • მევენახეობა-მეღვინეობის დარგის  განვითარება მოითხოვს ღვინის ბაზრის დივერსიფიკაციის პროცესის მდგრადობას სტრატეგიულ ბაზრებზე (მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩინეთში, დიდ ბრიტანეთში, პოლონეთში);შესამუშავებელია ღვინის ბაზრის დივერსიფიკაციის სტრატეგია ახალ ბაზრებზე (ბალტიისპირეთის ქვეყნები, იაპონია).
  • საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის წინაპირობა ადგილობრივ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნაა. ფირმებმა უნდა აწარმოონ მსოფლიო კლასის ღვინოები, მით უმეტეს, თუ მთავარი გათვლა ექსპორტზე კეთდება, აუცილებელია ბრენდზე ზრუნვა. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს უახლესი ტექნოლოგიების მოხმარებას და პროფესიონალი მუშახელის დაქირავებას. 

გამოყენებული  ლიტერატურა

1.ხარაიშვილი ე., მოთხოვნა ქართულ ღვინოზე და მევენახეობა - მეღვინეობის სექტორის   კონკურენტული უპირატესობის ფაქტორების შეფასება, ჟ. „ეკონომიკა და ბიზნესი“, ტ. IX, N 4, 2016.

2. Anderson K., Nelgen  S., Wine’s Globalization: New Opportunities, New Challenges Kym Anderson    and Signe Nelgen (Wine Economics Research Centre),  2011.

3. Kharaishvili E., Small Farm Diversification Opportunities in Viticulture-Wine making Sector of   Georgia, World Academy of Science, Engineering and Technology, International Journal of Social, Behavioral, Educational, Economic, Business and Industrial Engineering Vol:10, No:5,2016.

4.  ღვინის ეროვნული სააგენტო, georgianwine gov.ge/geo/company

5. ასოციაცია ქართული ღვინო - http://www.gwa.ge/

6. E. Kharaishvili, M. Chavleishvili, M. Natsvaladze, Trends and Prospects for the Development of Georgian Wine Market, World Academy of Science, Engineering and Technology - ICEMBIT 2014 : International Journal of Social, Menejment, Economics and Business Engineering Vol:8 No:10, 2014.

7, ლაზარიაშვილი თ.,სუბსიდირების პროგრამების ეფექტიანობა მევენახეობა-მეღვინეობაში, ჟ. ,,ეკონომისტი’’, N2, 2016.

8, ლაზარიაშვილი თ., მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პრობლემები კახეთის მხარეში,  მონოგრაფია,  თბილისი, 2007.